Georgia Healthcare GroupToggle menu

GHG ერთი შეხედვით

სოციალური პასუხისმგებლობა

სოციალური ობლიგაციის ჩარჩოთი დაფინანსებული პროგრამები — ჯანდაცვაზე წვდომის გაფართოება, კადრების განვითარება და გარემოზე ზრუნვა.

სოციალური ობლიგაციის ჩარჩო და დამოუკიდებელი შეფასება

2025 წელს GHG-მ შეიმუშავა სოციალური ობლიგაციის ჩარჩო თავისი პირველი სოციალური ობლიგაციის გამოშვებისთვის მოსამზადებლად. ჩარჩოს შესახებ გაიცა დამოუკიდებელი შეფასება Scope ESG Analysis-ის მიერ, რომელმაც დაადასტურა მისი სრული შესაბამისობა 2023 წლის ICMA-ის სოციალური ობლიგაციების პრინციპებთან. Scope-მა ჩარჩოს მიანიჭა ტრანსფორმაციული ქულა (Transformative Human Score), რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელოვან სოციალურ გავლენას და შესაბამისობას საქართველოს მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიასთან.

GHG ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს, რომ მის პროექტებთან დაკავშირებულ პირებს ჰქონდეთ წვდომა დამოუკიდებელ არხებზე საკუთარი ჩივილების დასაფიქსირებულად. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) შესაბამისი არხი (Project-affected People's Mechanism (PPM)) ხელმისაწვდომია.

პედიატრიული ონკოლოგიური მომსახურების ერთადერთი მიმწოდებელი საქართველოში

ჩვენი ჰოსპიტალური ქსელი პედიატრიული ონკოლოგიური სერვისების ერთადერთი მიმწოდებელია საქართველოში და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პედიატრიულ პაციენტებს საჭირო სამედიცინო მომსახურებას სრულიად უფასოდ, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული პროგრამის ფარგლებში უწევს. 2025 წელს, სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების (სიმსივნური წარმონაქმნები, ლეიკემია, ლიმფომა და ა.შ) მქონე 451-მა პაციენტმა მიიღო საჭირო კლინიკური სერვისი, 78-მა კი ონკოჰემატოლოგიური მკურნალობა გაიარა.

ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისები

ჩვენი ბიზნესები მნიშვნელოვან რესურსებს უთმობენ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. 2025 წელს ბიზნესმა განახორციელა 10 სხვადასხვა უფასო სკრინინგ-პროგრამა 13,679-მდე პაციენტისთვის. მსგავსი უფასო სამედიცინო შემოწმებები და სკრინინგ-პროგრამები მოიცავს ტუბერკულოზის მართვას, კიბოს სკრინინგს, C ჰეპატიტის სკრინინგსა და ანტენატალურ (ორსულობის პერიოდის) პროგრამებს.

ჩვენს ჰოსპიტლებში სპეციალისტები ახორციელებენ უფასო სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის მოსახლეობის სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი ჯგუფების გამოკვლევასა და მკურნალობას. წლის განმავლობაში, ჩვენმა ჰოსპიტალურმა ბიზნესმა 1.2 მილიონ ლარამდე დახარჯა სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი ჯგუფებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე. სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, ბიზნესი ასევე უზრუნველყოფს უფასო სისხლის გადასხმას სტაციონარული პაციენტებისთვის. ჰოსპიტალურმა ბიზნესმა ასევე განაგრძო საქართველოს სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარების მხარდაჭერა ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში უფასო მომსახურების გაწევით.

ბიზნესმა ასევე შესთავაზა 20%-იანი ფასდაკლება ჯანდაცვის ყველა სერვისზე საქველმოქმედო ფონდს, რომელიც მხარს უჭერს ლეიკემიისა და სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვებს.

„ლიბერთი ბანკი“ — ფასდაკლებული სტომატოლოგია

ჩვენი კლინიკების ბიზნესისა და „ლიბერთი ბანკის“ ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის მიმდინარე პროექტის ფარგლებში, პენსიონერებმა და სოციალურად დაუცველმა პირებმა მიიღეს ფასდაკლებები სტომატოლოგიურ მომსახურებაზე. 2020 წლის იანვარში დაწყების დღიდან, პროექტით ისარგებლა დაახლოებით 83,000-მა პაციენტმა, რომლებმაც ჯამში 596,000-მდე ფასდაკლებული მომსახურება მიიღეს.

Healthy Club — პარტნიორობა „საქართველოს ბანკთან“

ჩვენი კლინიკების ბიზნესმა, „საქართველოს ბანკთან“ (BOG) თანამშრომლობით, აამოქმედა პროექტი „Healthy Club“ (ჯანსაღი კლუბი). პროგრამა მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივას და სთავაზობს 40%-მდე ფასდაკლებას სამედიცინო მომსახურებაზე „საქართველოს ბანკის“ ლოიალობის პროგრამის მომხმარებლებსა და თანამშრომლებს. 2025 წელს ჩვენმა კლინიკებმა 1,020,000-ზე მეტი მომსახურება გაუწიეს „Healthy Club“-ის 233,000-ზე მეტ წევრს.

„კარავი“ × MAC Georgia — QST მასაჟის თერაპია

2025 წელს, ევექსის ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრმა, „კარავმა“, გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი ორგანიზაცია „MAC Georgia“-სთან. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ნეიროგანსხვავებული ბავშვების მშობლების გაძლიერებას და ოჯახების კეთილდღეობის მხარდაჭერას. მემორანდუმის ფარგლებში დაწყებული პირველი ინიციატივა — „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“ (McLain Association for Children) სპონსორობით — არის პროგრამა „QST: მასაჟის თერაპია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის“.

QST მშობლებს აძლევს ცოდნას, რათა მათ თერაპევტის მუდმივი თანდასწრების გარეშე, დამოუკიდებლად შეძლონ შვილების სენსორული და ემოციური რეგულაციის მხარდაჭერა. ამ თანამშრომლობის წყალობით, საქართველოში ხუთმა სოციალურად და ეკონომიკურად შეჭირვებულმა ოჯახმა მიიღო QST პროგრამის სრული დაფინანსება და წვდომა მაღალხარისხიან თერაპიულ ტრენინგზე.

„კარავი“ × Speak Up — „მწვანე შუქი“

2025 წელს „კარავმა“ ასევე წარადგინა „მწვანე შუქი“ — ერთობლივი საპილოტე პროგრამა შშმ პირთა მხარდამჭერ ორგანიზაცია „Speak Up“-თან ერთად, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მარტოხელა დედების მხარდასაჭერადაა შექმნილი. „SlovakAid“-ის (სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო) მიერ დაფინანსებული „მწვანე შუქი“ 25 მშობელს უზრუნველყოფს თერაპიული და საგანმანათლებლო სესიებით, ხოლო 60 მშობელს — ჯგუფური საგანმანათლებლო მოდულებით. პროგრამა მოიცავს ინტენსიურ ფსიქოთერაპიას, კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას, ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებას, ონლაინ ფსიქო-საგანმანათლებლო სესიებს, ტრენინგებს შშმ პირთა უფლებებზე, პერსონალურ ქოუჩინგსა და თანასწორთა მხარდაჭერის ვორქშოპებს.

ICDP — ბავშვის განვითარების საერთაშორისო პროგრამა

2025 წელს წარმატებით დასრულდა ბავშვის განვითარების საერთაშორისო პროგრამის (ICDP) მეორე ციკლი. მონაწილეებმა გაიარეს ათი სამუშაო სესია, რომლებიც მიზნად ისახავდა ბავშვებსა და მომვლელებს შორის მგრძნობიარე, მხარდამჭერი ურთიერთქმედების გაძლიერებას, რაც ხელს უწყობს ემოციურ კეთილდღეობასა და მდგრადობას ოჯახებსა თუ საგანმანათლებლო გარემოში.

„ექიმების ქრონიკები მეგალაბთან ერთად“ — ჯანდაცვის ცნობიერება

2025 წელს, ჩვენმა სადიაგნოსტიკო ბიზნესმა, „მეგალაბმა“, აამოქმედა ექსპერტების მიერ მართული ციფრული ცნობიერების ამაღლების ინიციატივა — „ექიმების ქრონიკები მეგალაბთან ერთად“. კამპანიამ გააერთიანა სხვადასხვა სპეციალობის წამყვანი ექიმები, რათა ფართო საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ სანდო და ხელმისაწვდომი ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ.

საგანმანათლებლო ვიდეოებისა და ინტერვიუების სერიის მეშვეობით, რომლებიც „მეგალაბის“ თანამშრომლობით მომზადდა და მისსავე ციფრულ პლატფორმებზე გამოქვეყნდა, კამპანია ჯანდაცვის არაერთ აქტუალურ თემას შეეხო. თითოეული ეპიზოდი მიზნად ისახავდა რთული სამედიცინო კონცეფციების გამარტივებას და ნათელი, მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების მიწოდებას, რომლებსაც ადამიანები მარტივად გაიგებდნენ და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებდნენ.

პროექტის მთავარი მიზანი იყო საზოგადოების ჯანდაცვის ცნობიერების ამაღლება, დაავადებათა პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა, ასევე კეთილდღეობის შენარჩუნების პროცესში დროული ლაბორატორიული კვლევების გადამწყვეტი როლის ხაზგასმა.

თანამშრომელთა ჯანმრთელობის მარათონი

2025 წელს ჩვენმა ჯანდაცვის ბიზნესმა წარმატებით დაასრულა ექვსთვიანი „კეთილდღეობის მარათონი“. ეს ინიციატივა მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ჰოლისტიკური კეთილდღეობის შესახებ ცნობიერების გაღრმავებას და თანამშრომლების წახალისებას, რათა მათ აქტიური პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ფიზიკურსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

პროგრამის განმავლობაში თანამშრომლები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ჯანმრთელობის ქოუჩებსა და ნუტრიციოლოგებთან, ისახავდნენ ინდივიდუალურ მიზნებს და სტაბილურად მიიწევდნენ მათი მიღწევისკენ. მონაწილეებს სრულად დაუფინანსდათ სამედიცინო შემოწმებები, კეთილდღეობის მონიტორინგის ინსტრუმენტები და ფიზიკური აქტივობის პროგრამები.

მარათონი ასევე მოიცავდა პროფესიულ ვორქშოპებსა და სემინარებს — დაწყებული ფსიქოლოგის მიერ მართული სტრესის მართვის სესიებით, დასრულებული კვების სემინარებით, მოძრაობის ვორქშოპებითა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული სხვა ღონისძიებებით. შედეგად მონაწილეებმა აღნიშნეს ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მდგრადობის ზრდა და ჯანსაღი ჩვევების დამკვიდრება.

ჯანდაცვის სფეროში პროფესიული ექსპერტიზის ამაღლება

ღირსეული შრომის ხელშეწყობისა და საქართველოში სამედიცინო პერსონალის პროფესიული ზრდის მხარდაჭერის გრძელვადიანი ვალდებულების შესაბამისად, 2025 წელს ჩვენმა ჯანდაცვის სერვისების ბიზნესმა მნიშვნელოვნად გააფართოვა სასწავლო და საგანმანათლებლო პროგრამები. სპეციალიზებული სასწავლო ცენტრების, საერთაშორისო პარტნიორობისა და თანამედროვე ციფრული პლატფორმების მეშვეობით, ჩვენ განვაგრძობთ ინვესტირებას მაღალკვალიფიციური და მომავალზე ორიენტირებული სამუშაო ძალის განვითარებაში.

ჩვენი ჰოსპიტალური ბიზნესი საკუთარი სასწავლო ცენტრის ბაზაზე ახორციელებს როგორც სავალდებულო, ისე ოპტიმალურ სამედიცინო და არასამედიცინო სასწავლო პროგრამებს. წლის განმავლობაში ტრენინგი ჯამში 5,050-მა თანამშრომელმა გაიარა, მათ შორის ჩატარდა 2,766 ონლაინ კურსი და 2,284 აუდიტორიული სესია.

USAID-ის საექთნო განათლების პროგრამა

2025 წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო საექთნო განათლების პროგრამა, რომელიც USAID-თან პარტნიორობით განხორციელდა. პროგრამა ითვალისწინებს სავალდებულო სამედიცინო ტრენინგებს ექიმებისა და ექთნებისთვის ჩვენს ჯანდაცვის სერვისებში, ასევე დამატებით ფუნდამენტურ კურსებს მედიკამენტების დოზირების, ანატომიის, ფიზიოლოგიისა და საბაზისო საექთნო პროცედურების შესახებ. USAID-ის მხარდაჭერით ასევე ჩატარდა რამდენიმე სპეციალიზებული მოდული, მათ შორის: ინტენსიური თერაპიის საექთნო საქმის საფუძვლები, ტრავმის მართვა და ქირურგიული და თერაპიული პათოლოგიების საექთნო მართვა.

EBRD × „ვიანი“ × AIMS — რესპირაციული თერაპია

კლინიკური გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა რესპირაციული თერაპიის ექთნების გადამზადების პროგრამით, რომელიც განხორციელდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), „ვიანის“ სასწავლო ცენტრისა და „AIMS“ ასოციაციის ჩართულობით. პროგრამა საქართველოს ხუთი რეგიონის 90-მა ექთანმა დაასრულა, რაც მოიცავდა 32-ზე მეტ ონლაინ ლექციას. საუკეთესო შედეგების მქონე 10-მა ექთანმა პრაქტიკული სწავლება იტალიაში გაიარა და სასწავლო ვიზიტით ეწვია ისეთ ცნობილ დაწესებულებებს, როგორიცაა პადუას უნივერსიტეტი, პადუას კლინიკა, ჩიტადელასა და მესტრეს ჰოსპიტლები.

მასშტაბური საექთნო პროფესიული განათლების პროექტი

USAID-თან და „ვიანის“ სასწავლო ცენტრთან ერთად, ჩვენ ასევე დავასრულეთ მასშტაბური საექთნო პროფესიული განათლების პროექტი, რომელშიც ჩართული იყო ჩვენი ჯანდაცვის სერვისების გადაუდებელი მედიცინის, ინტენსიური თერაპიისა და ქირურგიული განყოფილებების 275 ექთანი. პროექტის ფარგლებში დაინერგა ინოვაციური ელექტრონული სასწავლო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ვიდეო ლექციებს, სასწავლო მასალებსა და თვითშეფასების ტესტებს. ინიციატივის ფარგლებში დაარსდა რამდენიმე ახალი რეგიონული სასწავლო ცენტრი, მათ შორის ორი OSCE სტანდარტის სიმულაციური ცენტრი.

„ევექსის“ სასწავლო ცენტრი

„ევექსის სასწავლო ცენტრი“ განაგრძობს მოღვაწეობას, როგორც უწყვეტი სამედიცინო განათლების წამყვანი მიმწოდებელი საქართველოში. 2025 წელს ცენტრმა გადაამზადა 843 ექთანი, 2,769 ექიმი და 1,391 ადმინისტრაციული თანამშრომელი და მენეჯერი.

EKIMO — ქვეყნის უდიდესი ციფრული ჯანდაცვის პლატფორმა

EKIMO არის ინოვაციური, დამოუკიდებელი და სრულად ინტეგრირებული ციფრული ჯანდაცვის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყველა პირველად სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის: ექიმებს, კლინიკებს, ლაბორატორიებს, რადიოლოგიურ ცენტრებს, სააფთიაქო ქსელებსა და სამედიცინო დაზღვევას. პლატფორმა 2020 წლის მარტში ამოქმედდა და ღიაა ქვეყნის ყველა სამედიცინო სერვისის მომწოდებლისთვის.

EKIMO უფასოა მომხმარებლებისთვის და სთავაზობს მათ შეუფერხებელ წვდომას ერთიან ჯანდაცვის ეკოსისტემასთან, რაც მოიცავს ვიზიტების დაჯავშნას, ონლაინ კონსულტაციებს, გადახდის სერვისებსა და მედიკამენტების ადგილზე მიტანას. დაარსების დღიდან EKIMO-ს ქსელი აერთიანებს 787 ექიმს 16 კლინიკიდან, რომელთა ნახევარი დამოუკიდებელი, მესამე მხარის მომწოდებელია. 2021 წელს EKIMO-მ მოიპოვა ოქროს ჯილდო EBRD-ის მდგრადობის დაჯილდოებაზე.

სამედიცინო და ბიოლოგიური ნარჩენების უტილიზაცია

ჩვენ განვაგრძობთ ქაღალდის მოხმარების შემცირების წახალისებას. სწორედ ამიტომ, მრავალი ტიპის მატერიალური დოკუმენტაცია ჩავანაცვლეთ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით და წამოვიწყეთ „მწვანე პროექტი“, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო დაწესებულებებში განვათავსეთ ქაღალდის ნარჩენებისთვის განკუთვნილი სპეციალური ყუთები. ქაღალდის ნარჩენების ჩაბარების შედეგად მიღებული თანხა კი სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებას ხმარდება. 2024 წელს ჰოსპიტლებში მოხმარებული ქაღალდის წლიური რაოდენობა დაახლოებით 1,260 ტონას შეადგენდა.

ჩვენს ჰოსპიტლებში სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის წესები შეესაბამება ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. რისკების შესამცირებლად და სამართლებრივ მოთხოვნებთან მუდმივი შესაბამისობის მიზნით, ჰოსპიტლებსა და კლინიკებში მუდმივად ტარდება ტრენინგები ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. კლინიკებში სამედიცინო და ბიოლოგიური ნარჩენების მართვას ახორციელებს სპეციალიზირებული კომპანია.

2023 წელს არსებულ 763 ტონასთან შედარებით, 2024 წელს ჰოსპიტლებში არსებულმა სამედიცინო ნარჩენებმა 750 ტონა შეადგინა.

მდგრადობისადმი ერთგულება

ჯგუფი საქმიანობას აწარმოებს სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის პრინციპებზე დაფუძნებით, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ოპერაციების გარემოზე ზემოქმედება და თანმიმდევრულად გააუმჯობესოს სოციალური გავლენა, შორეულ პერსპექტივაში კი გაზარდოს აქციონერთათვის შემოსავალი მდგრადი გზით. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკას.